დღეს დაახლოებით 25 ადამიანი მივედით ურეხის ბავშვთა სახლში, თუმცა რამდენიმე ადამიანმა წამოსვლა ვერ მოახერხა რაზეც მე პირადად გული დამწყდა და დარწმუნებული ვარ სხვა მონაწილეებსაც ასევე დასწყდათ. სამწუხაროდ იქ იმაზე ნაკლები ბავშვი დაგვხვდა ვიდრე ველოდით, რადგან ზოგი მათგანი მშობლებთან იყო წასული. როგორც ჩანს ვინც იქ დაგხვდა წასასვლელი არსად აქვთ... ბიჭების უმრავლესობა კომპიუტერების ოთახში დაგვხვდა, თამაშებით ირთობდნენ თავს. გოგონებისგან განსხვავებით ბიჭებს თავიდან ურთიერთობაშ შემოსვლა ცოტა გაუჭირდათ, მაგრამ საბოლოოდ არ დარჩენილა არც ერთი ბავშვი ვინც არ ჩაერთო ჩვენს თამაშებში.
მისვლისთანავე ახალ დირექტორს ქალბატონ ნელის გავესაუბრე. სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა და იქაურმა ბავშვებმაც და აღმზრდელმაც დადებითად დაახასიათეს. თუმცა ახალი ცოცხი კარგად გვის და იმედია მომავალშიც ასე გაგრძელდება.
სანამ სხვები ბავშვებს ეცნობოდნენ და ესაუბრებოდნენ, ბავშვთა სახლის ბიბლიოთეკა და სხვა ოთახები დამათვალიერებინეს გოგონებმა და მათმა აღმზრდელმა. ბიბლიოთეკაში ცარიელი თაროები დამხვდა, მხოლოდ 2-3 თაროზე ეწყო ძველი და ცუდად მოვლილი წიგნები. როგორც მითხრეს ახლახანს გადაურჩევიათ და გადაუყრიათ ლენინის და მარქსის იდეებით დატვირთული წიგნები და ასევე სხვა უსარგებლო რუსულ და ქართულ ენოვანი ლიტერატურა რაც როგორც ჩანს საბჭოთა კავშირის დროს უხვად დაუგროვდათ. თუმცა იქვე რუსულენოვან მხატვრულ ლიტერატურას საკმაოდ მოზრდილი ადგილი ქონდა დათმობილი.
ამ ყველაფრის ფონზე ძალიან გაუხარდათ ახალი წიგნები და ენციკლოპედიები რაც ჩვენ მივუტანეთ. გვთხოვეს კიდევ მოგვემარაგებინა ისინი წიგნებით, საკმაოდ მონდომებული და ინტერესიანი ბავშვები არიან (უმრავლესობა), თუმცა ყავთ რამდენიმე რთული ხასიათის ბავშვიც, და იმედი მაქვს მათ სწორად აღზრდაში ახალი ადმინისტრაცია წვლილს შეიტანს. როგორც გვითხრეს მათი დიდი ნაწილი სკოლის შემდეგ მუსიკით, ცეკვით, ქსოვით, და სხვადასხვა ხელსაქმით არის დაკავებული.
მიტანილი ხილის, ნამცხვრების, და კანფეტების დიდი ნაწილი სადილის დროსვე ჩამოვურიგეთ. გავითვალისწინეთ რომ იმდენ ბავშვში ყველას სხვადასხვა ინტერესები ექნებოდა და გასართობად მივუტანეთ ბურთები, ბადმინტონები, ლოტო, პლასტელინები, სახატავი რვეულები, გასაფერადებლები, ფანქრები, ბლოკნოტები, სტიკერები.
სადილის შემდეგ სტადიონზე გადავინაცვლეთ სადაც ბავშვები ასაკის მიხედვით 2 ნაწილად გავყავით. პატარებს წრეში ბურთი და სხვა მარტივი თამაშები შევთავაზეთ და ჩვენც აქტიურად ვერთვებოდით ამ თამაშებში მათთან ერთად რომ მაქსიმალურად აგვეყოლიებინა ყველა მათგანი. რაც შეეხება ცოტა დიდ ბავშვებს იმათთვის შედგენილი გვქონდა სპოტული პროგრამა და ძალიან სახალისო შეჯიბრებები, სადაც ყველა მათგანს საშუალება მიეცა მოეგოთ პრიზები. ხელცარიელი არც პატარები დაგვიტოვებია.
მართალია მცირე თანხა გვქონდა მაგრამ იმ თანხით მაქსიმალური გაკეთდა და შედეგით ყველა კმაყოფილი ჩანდა. ბევრმა მონაწილემ ვინც სპონტანურად წამოვიდა ბავშვთა სახლში და არ ქონდა ინფორმაცია რომ ამ ყველაფრის შესაძენი თანხა ჩვენვე შევაგროვეთ, სურვილი გამოთქვა რომ შემდეგ წასვლაზე ჩვენც გავიღებთ რაღაც თანხასო. როგორც ჩანს ქველმოქმედება გადამდებია :) (ზუსტად ეს იყო მიზანი რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი წამოსულიყო).
ასეთი კითხვებიც კი დაისვა: რატომ მიდიხართ? სამსახურმა დაგავალათ? ფული სამსახურმა გამოყო? და ა.შ. ნეტა მართლა ავალდებულებდეს სხვადასხვა სამსახურები თავის თანამშრომლებს მცირეოდენ ქველმოქმედებას თუნდაც პიარის მიზნით. იქნებ მერე თავისით გაუჩნდეს ხალხს გაუჩნდეს ამის სურვილი.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც ვერ შეძლო იქ წამოსვლა მაგრამ დიდი სიამოვნებით გაიღო თანხა ბავშვებისთვის. ასევე ყველა მონაწილეს ვინც ფინანსურად და ფიზიკურად ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ ბავშვებისთვის გვეჩუქებინა ერთი ლამაზი დღე.
და ბოლოს, ამ ზაფხულში კიდევ გავუკეთებ ორგანიზებას მსგავს ღონისძიებას. უკვე არის რამდენიმე იდეა რისი გაკეთებაც შეიძლება. ყველას შეგატყობინებთ ბევრად ადრე რომ შევძლოთ უკეთ ორგანიზება დამეტი თანხის აგროვება. ასევე მიიღება მხატვრული ლიტერატურა, ვისაც ორი ერთნაირი წიგნი გაქვთ სახლში, სიამოვნებით მივიღებ და დავაგროვებ ამ ბავშვებისტის. ორგანიზების პროცესისთვის დამჭირდება 1-2 მოხალისე, ვინც რეალურად დამიდგება გვერდით თავიდან ბოლომდე და ორგანიზების ყველა ასპექტში მიიღებს მონაწილეობას.